მე ქოლგა ვარ

მე ქოლგა ვარ

ხო, მე ქოლგა ვარ!

ქიმიურ მინარევებისა და ცალ ფეხა. წყალ, სეტყვა და მზე გამძლე. ფერადი ქოლგა ვარ, ზოგჯერ სარეკლამო ხასიათის, უფრო ხშირად შარშანდელი მზით გახუნებული, ნესტმოდებული და შემდეგ ტალღებით მოტანილი ნიავით გამომშრალი, მრავალგზის შეკეთებული და ხშირად გაბზარული.

თქვენი სახლის საკუჭნაოში, კარადაში, ზოგჯერ საკიდზე, ზოგჯერაც მანქანის საბარგულში მიგდებული. მიყვარს წვიმა, მხოლოდ ამ დროს გახსენდებათ ჩემი არსებობა. მზეც მიყვარს, რადგან ზოგჯერ ის ქოლგაც ვარ ზაფხულის დასაწყისს, უკაცრიელ, მოგვიანებით კი ხალხით გადაჭედილ სანაპიროზე მაინც რომ ახერხებს დატევას.

მე ქოლგა ვარ!

????????????????????????????????????????????????????????????????????????????

მე ის ქოლგა ვარ, დილიდან საღამომდე, ზოგჯერ კი მხოლოდ რამდენიმე საათით, ერთი და იგივე ფასად რომ ქირავდება. მე არც კი მეკითხებიან, ჩემს მზეზე მიტრუსულ, ადრე ნამაშველარ და ახლა უკვე ღიპიან პატრონს ევაჭრებიან. შემდეგ მოვლენ და ხელს დამავლებენ, ან „ქოლგის კაცის“ განკარგულებით წამიღებენ.

ზღვის ჩანთა და საგზალ აკიდებულები, ყველაზე ნაკლებ ჩემს კომფორტულ ტრანსპორტირებაზე ფიქრობენ –  მსუბუქად და უდარდელად მიმიტანენ, გზადაგზა თავს ქვებზე მარტყმევინებენ ან ქვიშაში მაყოფინებენ. ადგილს შეარჩევენ და ისე ჩამარჭობენ თითქოს უსულო ვიყო. ცდილობენ, რაც შეიძლება ღრმად ჩამთხარონ მიწაში და გარშემო ქვები შემომაყარონ. ო, რომ იცოდეთ როგორი მტკივნეულია! ზღვის ხმასა და გარუჯვას დახარბებულებს, ჩემი კვნესა არც კი ესმით.

მე კი ვარ, ქვებში ჩარჭობილი. ზოგჯერ ძლიერი ტალღის ნიავი შემაქანებს,  თითქმის რულმოკიდბულს გამომაფხიზლებს და წელში მომხრის. ამის დანახვაზე,  წამოდგებიან, არა იმდენად ჩემზე ზრუნვით მოტივირებულები, რამდენადაც „ქოლგის კაცის“  შიშით და კიდევ უფრო ღრმად და მყარად ჩამასობენ მიწაში… ვეუბნები არ ქნათქო, მაგრამ ვერ ვაგონებ…

ქვებს ვუყვარვარ. ცდილობენ რაც შეიძლება მჭიდროდ შემომერტყან გარს, რომ ხელმეორედ არ შევიგრძნო იგივე ტკივილი. ცდას არ აკლებენ. მაგრამ, ზღვის ტალღებს არ ვუყვარვარ. არც არავინ უყვარს. ჰგონია რომ ვეცილები და გამუდმებით ჩემ თავიდან მოშორებას სცდილობს. ამას წინათ იცი რა ქნა? ისე გადიდგულდა, თავისი ფრთა მოიქნია და ჩემ დამქირავებლებამდეც მოაღწია. ესენიც წამოცვივდნენ. ისეთი შეჰკივლეს, თითქოს კავკასიონზე ყოფილიყვნენ და, დიდი სასწაულით, ტალღას  მანდაც მოეღწია. თავიანთ ხარახურებს ძებნა დაუწყეს, ტალღასაც კი გაედევნენ თანწაღებული ნივთის მოსაბრუნებლად. მე კი დამტოვეს, ზღვის ტალღისგან მიგდებული…

წავიქეცი. აქაც ჩემმა მეგობარმა ქვებმა მიშველეს და ბუმბულივით მსუბუქად მიმიღეს. მაგრამ ფეხზე ვერ წამოვდექი. გგონიათ ადვილია, იდგე ცალ ფეხზე და თან ეცემოდე?! მივნებდი. ვიფიქრე, ზღვა ისევ წამოიღებდა ზლიერ ტალღას და მეც გავყვებოდი…

ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ბანაობა.  ხო, ასეა! ნახევარ სიცოცხლეზე მეტია ზღვას გავყურებ და მასში ბანაობის საშუალება არასდროს მქონია.

ზღვისპირა ქალაქში, გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ ჩამომიტანა. მანამდე საწარმო პირობებში, დაბადება-ჩამოყალიბების,  მტკივნეული პროცესი გავიარე. პირველად, საწარმოდან რომ გამომიტანეს, შემეშინდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თან  მესმიამოვნა. ეს სიახლე სუფთა ჰაერი ყოფილა. სადღაც მიმაყუდეს. მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ დანარჩენები ხმას არ იღებდნენ, მე კი არ ვჩუმდებოდი. განუწყვეტლივ  შეკითხვებს ვსვამდი, მაგრამ არავინ მპასუხობდა. შემდეგ ხელი მომკიდეს და სადღაც ჩამაგდეს. მოგვიანებით გავიგე, თურმე მანქანაში ვყოფილვარ. ასე დიდი ხანი ვიყავი. ბნელოდა და მაინც ვერ ვიძინებდი. ერთ-ერთი, მორიგი გაჩერებისას ხელი მტაცეს და, და აქ ისევ ვიხილე სინათლე.  უცებ, თვალები მეტკინა. მაშინ ზღვა არ მინახავს, მაგრამ რაღაც მძიმე და სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი.  გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი სხვა ხელს ისე გადამაბარეს. ამათ კიდევ, 1-2 საათიანი ბჭობის შემდეგ მომიძებნეს „ბინა“.  რაღაც გაუგებარი ოთხკუთხა მოწყობილობის გვერდით დამამონტაჟეს, საიდანაც თითქმის ყოველი ნახევარი საათის განმავლობაში ჭრაჭუნა ნუგბარს იღებდნენ. ეს ნაყინი იყო, რომელსაც მონად შეძენილ პერსონალს არავინ გაასინჯებდა.

ოთხკუთხა მოწყობილობის გვერდით ჩემი პატრონი იჯდა. ჩემ პრეროგატივას  სწორედ მისი კომფორტის შექმდა წარმოადგენდა. ზოგჯერ, კლიენტების ნაკლებობის დროს, სკამზე ჩამომჯდარი ამომხედავდა, თითქოს ჩემი გავლით ცის ნახვა უნდაო, მე კი მუდამ იქით ვიყურებოდი, საიდანაც ის მძიმე და სასიამოვნო სურნელი მოდიოდა.

მერე, ერთ დღეს, საავტომობილო გზიდან შემთხვევით გადმოსული ავტომობილი (აი, ისეთი მაშინ მე რომ მომიტანა) ჩვენს მარჩენალ ოთხკუთხა მოწყობილობას დაეჯახა და…  მეგონა ჩემი მარკეტინგული საქმიანობა აქ დასრულდებოდა. მაგრამ, ნაყინის გამყიდველმა, რადგან უკვე არც ნაყინის გასაყიდად და მით უფრო ჩემი გავლით მზის საჭვრეტად არ გამოვადგებოდი, გამაჩუქა.

ჩემი, ამ დროისთვის, ბოლო პატრონი ყოფილი მაშველია. ზღვის სიყვარულს პენსიაზე გასულიც კი ვერ შეელია  და  სანაპიროზე ასე გავრცელებულ საქმიანობას – „მექოლგეობას“ მიჰყო ხელი. ზოგჯერ ბედს უჩივის. მაგრამ  მგონია, ჩვენ, ქოლგები მისთვის მხოლოდ ზღვასთან ახლოს ყოფნის მიზეზი ვართ. ცუდად არ გვექცევა. მახსოვს, პირველ დღეს, როცა მიჩუქა, შემაკეთა და შემდეგ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დამდო…

ხო და, იმას გეუბნებოდით, ჩემმა მეგობარმა ქვებმა ბუმბულივით მიმიღესთქო…

ასე ნანატრი სურნელის პატრონთან, მერე რა რომ დაახლოების დღიდანვე დიდგულა და ბუზღუნასთან, პირველი შეხება სულაც არ ჰგავდა ოცნებას. ოცნებაზე მეტი იყო, პირველი კოცნის მსგავსად გაუგებრად სასიამოვნო. მეგონა მზეს მიფიცხებული ზღვა ჩემსავით ცხელი იქნებოდა, მაგრამ არა, ის ცივი იყო. ავთრთოლდი, მაგრამ ბოლოს მაინც მივნებდი,  მოვდუნდი და მის დინებას მივყევი, რომ  უცებ ვიღაცის ძლიერი მტევანი ვიგრძენი. უკვე გონსმოსული ჩემი ბებერის  მხარზე ვიყავი…

ზღვისთვის დავენანე ჩემს გოჭივით შებრაწულ პატრონს, თუმცა ისიც მუდამ ზღვაზე ოცნებობდა, მიუხედავად იმისა რომ მუდამ მასთან და მასში იყო.

მზის ჩასვლამდე უკვე მშრალი და სხვა დამსვენებლის მომსახურებისთვის მზად ვიყავი. ვუყურებდი ჩემს პატრონს, რომელიც ზღვას ბედნიერ მზერას არ აშორებდა. და, ზღვას, რომელიც ოდნავ დამშვიდებული და დანაშაულის გრძნობით შეწუხებული მეჩვენებოდა.

 

2222

P.S. მადლობა მას, ვინც შთამაგონა.

 

ზაფხულის ესკიზი – ნაგავი

1011153_403661853072942_1342920097_n

ნაშუადღევს ჩავუარე სკოლას, სადაც ვსწავლობდი. დღის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა გაკვეთილის მსვლელობისას ფეხსაცმელი უკვე მიჭერდა,  ე.წ. მუსიკის ოთახიდან პიანინოს არეული კლავიშების და შიგადაშიგ ჩვენი სოლფეჯიოს მასწავლებლის შემაღონებელი შენიშვნების ხმა მოდიოდა. ახლა არც ფეხსაცმელს შევუწუხებივარ და არც „ნანატრი ჰანგები“ მოსულა ჩემამდე, სკოლის არდადეგები იყო და შესაბამისად, სურვილის მიუხედავად, ვერც შიგნით შესვლა შევძელი. უცნაურია, სკოლაში სწვალის დროს მეგონა ნავთით მოწმენდილი დერეფნების სუნი არასდროს მომენატრებოდა…

სამეგრელოში ერთი დღით მომიხდა ჩასვლა და გამთენიის ოთხი საათისთვის გადავწყვიტე ფეხით მივსულიყავი სახლამდე, აქაოდა წამოშლილი მოგონებების რომანტიკა შემეცნო. თუმცა, ჩემი გაბედული სურვილი, სადგურიდან დაახლოებით 200 მეტრში, ერთი მოსახვევიდან გამოსული ჩემსკენ მომავალი ძაღლების დანახვისას, ზურგზე მძიმე ჩანთამოკიდებულისთვის უჩვეულო სიჩქარით, სადგურის ტაქსების გაჩერებამდე მიბრუნებით დასრულდა. სიტუაცია, როცა სიამაყეს თავმოყვარეობა გადაწონის და მძღოლების მამაშვილურ შეკითხვაზე – „შეგეშინდა?“ – პასუხის არგაცემა, ტყუილის თუ სიმართლის თქმა თანაბრად უმნიშვნელოა.

ბავშვობის ქალაქში გამთენიისას მონატრებული გასეირნების სურვლი სურვილადვე დარჩა. კიდევ ბევრი რამის გაკეთებას ვერ მოვასწარი დარჩენილი 10 საათის განმავლობაში, მაგრამ მეგრელებისთვის ჩვეული უზარმაზარი  ორსართულიანი სახლების, რომელთა მეორე სართული როგორც წესი გამოუყენებელი და აუთვისებელია, მეზობელთან გამყოფ ღობეზე გაკეთებული გასასვლელით 21-ე საუკუნეში მონატრებულ ადამიანური სითბოს ლომკას ვიხშობ. მითხრეს, რომ მსგავსი „ღობის კარის“ ინსტიტუტი გურიაში და სხვაგანაც არისო… არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ამ, ხშირად ჟანგმოდებულ, კარებს ვხედავ სახეზე ღიმილი, ხოლო სულში სითბო მეფინება.

თუმცა, ჩემი მეგრული ესკიზები თბილისისკენ მომავალ გზაზე დასრულდა. სამეგრელოსთის ჩვეული სტუმართმოყვარეობა-სითბოჩალაგებულს მძღოლის უკანა სავარძელი შემხვდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი გზა „შაფიორის“ „პაპიროსის“ ფერფლი საფერფლის ნაცვლად ჩემს თმაში სცვიოდა, მე კიდევ, ფეხმოდგმული ლოგიკით – „მძღოლი არ უნდა გაანერვიულო“ – ყელში მოთმინება გაჩხერილი სიმშვიდით ფერფლთან ერთად, ჰაერის ნაკადით მოტანილ ნიკოტინს ხარბად ვსუნთქავდი და ვნატრობდი თბილისის გამონაბოლქვით გაჟღენთილ ჰაერს, სანამ, ისევ ამ ჩემი „შაფიორის“ მიერ ამოწრუპული “რედ ბულის“ ქილა მაგისტრალზე არ გაგორდა. ამ სანახაობის შემდეგ არც ის გამკვირვებია ე.წ. „მძღოლების სასადილოსთან“ გაჩერებისას მდინარის ხმის გაგონებაზე ხევისკენ გაქცეულს მდინარეში ნარ-ნარად ჩაფენილი ნაგავი რომ დამხვდა. თუმცა, ამაზე მეტად იმან გამაოცა რომ მსგავს კვებით ობიექტზე ნაგვის ურნა ვერ ვიპოვე.

სასიამოვნოა, როდესაც უკრაინელი ტურისტებიგან ისმენ, რომ  თავიანთ  ულამაზეს ყირიმის ნახევარკუნძულზე მზის ამოსვლის ყურებას, ჩვენთან მზის ჩასვლით ტკბობა ურჩევნიათ. გიხარია, როცა  ფრანგ ტურისტებთან ერთად მგზავრობ და მათეული შთაბეჭდილებების (საქართველოს შესახებ) უნებლიე მსმენელი ხდები. აქ, ქართველებისთვის ჩვეული ამბიციური თავმომწონეობაც კი გეუფლება, სანამ ისევ ნაგავს არ გადაეყრები.

თუ, ჩემგან განსხვავებით ზღვის კურორტის მოყვარული ხართ, როგორმე ისე უნდა მოახერხოთ რომ ჯერ კიდევ საზღვაო სეზონის დაწყებამდე მიიღოთ ზღვისა და მზის აბაზანები. სწორედ, ზღვაში მიმოფანტული ნაგვის შიშით, გადავწყვიტე, შედარებით ერთ-ერთ ყველაზე სუფთა, გონიოს სანაპიროზე დასვენება, თუნცა ე.წ. „ვიქენდის“ მოახლოებისთანავე და შესაბამისად ქართველი დამსვენებლების გააქტიურებისას, არამხოლოდ ზღვის ხმა ჩაანაცვლა ექოთი მოტანილმა ხმამაღალმა საუბარმა, არამედ უკვე წყალში მედუზების ნაცვლად ნაგვის დათვლაც და მისი კატეგორიებად დანაწილებაც გახდა შესაძლებელი.

რაჭაში, ე.წ. „საყინულეს“ გზაზე შემხვედრი ტურისტული ნიშნების დანახვისას, რომელიც დილეტანტს ერთი შეხედვით ბილაინის ლოგოს მოაგონებს, გამიელვა ეჭვმა, რომ ამ ნიშნების გამკეთებელს დაავიწყდა რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა. საქართველოში ტურისტულ ობიექტებს გაუვალ უღრანშიც კი მიაგნებს მოხეტიალე და ამისთვის  საკმარისია, უბრალოდ,  ნაგავს ჩაუდგეს კვალში. ჭელიშის უდანბოსკედ დაშვებისას კი, საცალფეხო დაღმართი  დიდი სიფრთხილით უნდა ჩაიარო, დაცემაზე ზედმეტია საუბარი, როგორმე ამ მინის ნამსხვრევებით მოფენილ ბილიკს ჯერ ფეხსაცმელი, შემდეგ კი ფეხის ტერფებიც რომ არ შეეწიროს. საღამოს, როდესაც ჭელიშის უდაბნოდან ამოვედით, მთაში დასაძინებლად მიმალულ მზეს გავყევი და იქვე, რომელიღაც მსუქანი ხის ქვეშ ჩამოვჯექი. ფართოფოთლოვან ხეთა ჟანგბადი, სიჩუმე, ველური სილამაზე… ჩამძირავი უსასრულობა, რომ არა ისევ ნაგავი. ამ შემთხვევაში შენს გარშემო მინდორში მიმოფანტული.

ვფიქრობ და ვერ ვხვდები სად არის პრობლემა… მერე, კიდევ უფრო მეტს ვფიქრობ და ისევ ადამიანებამდე მივდივარ. რაჭაში, ნიკორწმინდა  „მოვილოცეთ“. ტაძრის უნიკალურმა ფრესკებმაც კი ვერ გამიქარწყლა ის გაოცება, რაც ტაძრის ეზოში წელამდე აზვირთულმა ბალახ-ბულახმა და  ტურისტული დანიშნულების, მაგრამ უმოქმედო საპირფარეშომ გამოიწვა ჩემში.

მიმოფანტული ნაგვის დანახვისას, ხშირად მახსენდება რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შტირებითა და მეეზოვის სხვადასხვა იარაღით თბილისის ქუჩების დასუფთავება გვიწევდა. კორპუსებთან გადაადგილებისას ხშირად გვესმოდა აივნებზე  გადმომდგვარი ბებო-ბაბუების წყევლა-კრულვა ჩვენი, ბიუჯეტის არამიზნობრივი წურბელების მისამართით. ვერ ვხვდებოდით რატომ, მაგრამ სადღაც სიღრმეში მაინც დამნაშავეებად ვგრძნობდით თავს.

ერთი სამუშაო დღის ბოლოს, გაჩერებაზე ვისხედით და ავტობუსს ველოდით. იქვე მდგომმა პოტენციურმა მგზავრმა  ტრანსპორტის დანახვისთანავე გამაგრილებელი სასმელის ბოთლი გაჩერების წინ ლამაზად წამოაყუდა, თვითონ კი წავიდა. ჩემს გვერდით მჯდომი პროგრამის მონაწილე დაღლილისთვის უჩვეულო სისხარტით წამოხტა, ბოთლი აიღო და რამდენიმე ნაბიჯში მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო. მას შემდეგ, მოხუცების ჯუჯღუნა ბუტბუტს ჩემი სინდისი არ შეუწუხებია 🙂

ცალკე წერილის ღირსია ტუალეტი, რომლის მნიშვნელობა ჩვენთან რატომღაც დაქვეითებულია. ვეცდები მომავალ პოსტში უფრო განვავრცო რიკოთის ტუალეტის ფენომენი,  სადაც „ტუალეტ-მენეჯერი ბებო“ მანდილოსნებისა და მამაკაცების ტუალეტების გამყოფ კედელთან გამოშენებულ ჯიხურში ზის და ტუალეტით სარგებლობის 20 თეთრს მოითხოვს. სანაცვლოდ, მომსახურების დამადასტურებელი კვიტანციის ნაცვლად 🙂 ,  ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ საერთო მოხმარების ტუალეტის ქაღალდს გთავაზობს… არა, ეს ნამდვილად ცალკე წერილის ღირსია, მიუხედავად იმისა რომ ქართულ მომსახურებასა და ნაგავს შორის ნათესაური კავშირია 🙂

მანამდე კი, საჭიროების, სიამოვნების თუ სხვა მიზეზით გამოწვეული გადაადგილების დროს, სანამ მაძღრები რიკოთზე ნაყიდი ნაზუქის ნარჩენს  მოვისვრით, წყურვილმოკლულები ბოთლს გავაგორებთ და ღრუტუნს დავიწყებთ, წარმოვიდგინოთ რა საოცარი იქნებ(ოდ)ა ჩვენი ქვეყანა ნაგვის გარეშე!

ეჭვი

tumblr_m9ktkoDOD51qlbctao1_500

ფილმი, რომელიც ბოლოს ვნახე „ეჭვი“-ა.  მათ, ვისაც საათისა და 44 წუთის „ეჭვისთვის“ დათმობის საშუალება არ გაქვთ შევეცდები მოგითხროთ დიდი ეჭვის შესახებ.

2008 წელს აშშ-ში გადაღებული ფილმის ჟანრში მითითებულია მისტიკა/დრამა. ყურებისას მიხვდები, რომ უფრო დეტექტივთან გაქვს საქმე. ბოლო სცენაში კი აღმოაჩენ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დიდ  ფსიქოლოგიურ ომს უყურებდი.

მოქმედება ერთი საეკლესიო ორგანიზაციის „კულუარებში“ ხდება.  სკოლაში, სადაც საგანმანათლებლო ფუნქცია-მოვალეობები რელიგიური იერარქიის წარმომადგენლებს აქვთ გადანაწილებული. სკოლის მკაცრი დირექტორი – და ელოზიუსი – კაპასი მასწავლებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. აი, დაახლოებით ისეთის, როგორიც ჩემს სკოლაში ერთი ქართული ლიტერატურის პედაგოგი იყო, უმიზეზოდ და,  რაც მთავარია, მუდმივად გაღიზიანებული, რომლის ფეხის ხმაც დერეფნის მეორე ბოლოშიც ისმოდა და შესაბამისად აორთქლება საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა.

უი, მაპატიეთ, ვუბრუნდები „ეჭვს“!

ფილმში და ელოზიუსი მონაზონთა ტრადიციების  მკაცრი დამცველია. მასში, გარდა ჩემი სკოლის კაპასი მასწავლებლისა,  შესაძლოა საბჭოთა გადმონაშთი სკოლის მმართველი დაინახო, რომელიც ბავშვებს ცივილიზაციის ყოველგვარი „ხილით“ ტკბობას უკრძალავს, მათ შორის ბურთულიანი საწერი კალმით წერასაც კი.

და ელოზიუსისგან  რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟია მღვდელი, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს ბავშვების თანამედროვეობასთნ ზიარებას. კათოლიკური ეკლესიის მოდერნისტი წარმოამადგენელი ბავშვებს და ელოზიუსისგან მიღებული კრიტიკის მალამოდ ევლინება.

დედაოსა და მღვდელს შორის პიროვნული ბრძოლა,  სკოლაში წესრიგის დამყარებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მოგვიანებით რწმენისა და სამართლის საკითხებში გადაიზრდება,  მას შემდეგ რაც მონაზონს შეიბყრობს ეჭვი იმის შესახებ,  რომ  მღვდელი  აფროამერიკელ მოსწავლესთან „არასათანადო“ ყურადღებას იჩენს.   მონაზვნის ეჭვი კი საბოლოოდ ტანჯვით მთავრდება.

აფროამერიკელი წარმოამავლობის  ბავშვი, იმ დროისთვის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეების „თითით საჩვენებელია“ (მოქმედება მიმდინარეობს 1960-იანი  წლების აშშ-ში), მისი ნატურის გამო ოჯახშიც ძალადობის მსხვერპლი ხდება. „დევნილი“ 12 წლის ბიჭი კი ნავსაყუდელს მხოლოდ მღვდელთან პოულობს, რომელსაც საეჭვო გარემოებების გამო ბავშვთან არატრადიციული ურთიერთობი „ბრალდება“.

და ელოზიუ ყოველგვარ ხერხს მიმართავს, მათ შორის ტყუილსაც, რათა დანაშაულში ამხილოს და სკოლიდან გააძევოს მღვდელი.

მამაო, იღებს გადაწყვეტილებას და მიდის სკოლიდან.

ფილმში ბოლომდე არ ეფინება ნათელი  ბავშვისა და მამაოს „ურთიერთობებს“. თუმცა, მამაოს მიერ მონაზვნის საბრალდებო ანკესზე წამოგება და სკოლის დატოვება, გაეკვეულწილად, დანაშაულის აღიარებაზე მეტყველებს.

ჯონ პატრიკ შენელის სურათში, მერილ სტრიპის მონაზვნის შავ ანაფორასა და კათოლიკური ეკლესიის მიღმა,  სხვა პარალელების გავლება და გაცილებით დიდი აზრობრივი ხიდის დანახვა შეიძლება. იდუმალი ფაქტები, რომლთა არასრულფასოვნად გამოვლენას ექსტაზში შევყავართ, პროტესტისა და წესრიგის დამყარების სურვილი, „გამარჯვება“ და ეჭვი, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დანაშაულის თანამონაწილედ გაქცევს და გადაწყვეტილების სისირულეში მოყვანა, რომელიც ბოლომდე ვერ ფანტავს ეჭვს!  ეჭვი კი გკლავს და ყოველ წამს გახსენებს, რომ შენი შეცდომის ალბათობა არსებობს.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის პერსონაჟში  კი შესაძლოა უფრო მეტი დაინახო, ვიდრე უბრალოდ ერთი ადამიანი, მაგალითად ანაფორას ამოფარებული და „ქოლგა გადაფარებული“ სისტემა  – გასამართლებული, მაგრამ მაინც დაუსჯელი, რომელსაც სკოლიდან წასვლის შემდეგ „აწინაურებენ“.

ჯონ პატრიკ შენელმა მთელი ოსტატობით გადმოსცა სურათი, სადაც მსაჯულის როლი თავად მაყურებელს დააკისრა.  რეჟისორი გაძლევს ამოცანის პირობებს, ხოლო მის ამოხსნას შენი აზროვნების კომპეტენციად მიიჩნევს. არსებული, მწირი ფაქტებით და ეჭვებით  მაყურებელი ბოლო წუთამდე და ელოზიუს ქომაგი ხდები. ბოლო წუთამდე, სანამ ატირებული მონაზონი თავად არ გამოთქვამს შიშს ეჭვის, რომ ის შეცდა, არსებობის შესახებ.

 

 

 

 

 

 

“შატო მუხრანი”

734994_601773059848356_248983420_n

„ღვინის ტური“ გრძელდება. EPI-ს ავტობუსის შემდეგი გაჩერება – შატო მუხრანი.

რუსეთის არმიიდან დაბრუნებულმა ივანე მუხრანბატონმა მსოფლიოში აღიარებული ღვინის ბრენდის შექმნას მიჰყო ხელი.

სოფელ მუხრანში, პენსიაზე გასული  ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი  12 წლის განმავლობაში აშენებდა  პირველ ქართულ შატოს.  სპეციალურად, საფრანგეთიდან ჩამოყვანილი არქიტექტორის მიერ 1870  წელს დასრულებული სასახალე მნახველს როკოკოს სტილის მოოქროვილი იტალიური ავეჯით, პირველი ევროპული პარკეტით, გრანდიოზული ბროლის ჭაღებით და  მოოქროვილი იტალიური როიალით წარუდგა.

ტყითა და ვენახებით გარშემორტყმული სასახალე 150-კაციან თეატრსაც იტევდა. სასახლის ბაღში კი მუხრანბატონს შადრევანი გაუშენებია, რომლიდანაც გადმოცემით წყლის ნაცვლად  ცქრიალა ღვინო გადმოიფრქვეოდა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ალკოჰოლური შადრევანი 21-ე საუკუნის ინოვაცია არ არის 🙂

მუხრანბატონის ვენახებში 12 ჯიშის  ყურძენი მოჰყავდათ. 1882 წლის პირველი რთველის შემდეგ „შატო მუხრანის“ ღვინომ მსოფლიო არენაზე  მაღალი შეფასება დაიმსახურა.

საინტერესო გადმოცემა არსებობს მუხრანბატონის გამჭრიახი მარკეტინგის შესახებ. როგორც ამბობენ, ის ფრანგ სტუდენტებს ქირაობდა, რომლებიც რესტორნებში მუხრანბატონის ღვინოს ითხოვდნენ და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში  პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ ადგილს.  რის შემდეგაც რესტორნის მფლობელები ამ ღვინოს პოპულარულად თვლიდნენ და ქსელში შეჰქონდათ.  ამდენად, სპეციფიური  მისტიური მარკეტინგით მუხრანბატონი წარმატებით უწევდა რეკლამირებას და პოპულარიზაციას ქართული შატოს ღვინოს.

293545_264825916876407_2388300_nივანე მურანბატონის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტის  და კავკასიაში პირველი რკინიგზის მშენებლობის დაფინანსება. იმ პერიოდში ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქართველად ითვლებოდა.

მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ საფუძველჩაყრილი ქართული შატოს ნგრევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით მისმა შვილებმა სასახლე ბანკში ჩადეს. გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ აქ აფარებდა თავს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემსრულებელი გიგლა ბერბიჭაშვილი. მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს კი სასახლე ფაქტიურად მიწასთან გასწორდა.

IMG_3875

მიწით ამოვსებული მარნის გასუფთავება და „შატო მუხრანისთვის“ კიდევ ერთი სიცოცხლე ინვედტორების მიერ ამ ადგილის დაინტერესებით დაიწყო. დამფუძნებელთა ჯგუფმა – ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და შვედმა ფრედერიკ პოლსენმა ძველ ტრადიციაზე ახალი წარმოების შექმნის იდეა განახორციელეს. მათგან ფრედერიკ პოლსენი კომპანიის 65%-ს ფლობს. დანარჩენ 35% კი მამუკა ხაზარაძე,  ბადრი ჯაფარიძე და „შატო მუხრანის“  ფრანგი დირექტორი ჟაკ ფლორი ინაწილებენ.

კომპანია უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას და ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებით გაშენებულ 100 ჰექტარ ვენახს ფლობს. ქარხანაში სამეღვინეო წარმოებაში აღიარებული სპეციალისტის ლადო უზუნაშვილის ტექოლოგიებით დამზადებული ღვინოების განსაკუთრებულობა პირველივე დაგემოვნებისას იგრძნობა.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „მუსკატი“.

რესტავრირებულმა „შატო მუხრანმა“ პირველი მოსავალი 2007 წელს აიღო. ხარისხზე ორიენტირებული ღვინო შედარებით მცირე რაოდენობით, წელიწადში დაახლოებით 750 000 ბოთლი გამოდის, რომლის თითქმის  20-25% უცხოურ ბაზარზე: ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთში, აშშ-ში, ისრაელსა და ყაზახეთში გადის. კომპანია ექსპორტის 15%-ით გაზრდას ვარაუდობს რუსულ ბაზარზე გასვლის შემდეგ, რომლისკენაც მას გზა უკვე ხსნილი აქვს.

„შატო მუხრანის“ უნიკალურობა ღვინისა და ისტორიის გარდა, მის მრავალფუნქციონალურობაშია. სასახლის რესტავრაცია სექტემბერში დასრულდება. ფრანგული კონცეფციით წარმოდგენილი შატო არაერთფეროვანი  და  ბიზნესშეხვედრებისთვის, ქორწილებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის განკუთვნილი იქნება. სასახლის ეზოში მოეწყობა ამფითეატრი. სწორედ აქ იგეგმება მომავალი „საბას“ ცერემონიის ჩატარება.

IMG_3672

ტურისტებს და შატოს სტუმრებს საშუალება ექნებათ თავიანთი ხელით ამოავლონ ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, პური ჩააკრან თონეში და ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში ინსტრუქტორების დახმარებით, გაისეირნონ არაბული და ინგლისური ცხენებით.

ამდენად მუხრანში,  თბილისიდან სულ რაღაც 25 წუთის სავალზე, ნამდვილი ქართულ-ევროპული ოაზისი ცოცხლდება, რომელიც ტურისტებს და განსაკუთრებით ღვინის კულტურით დაინტერესებულ სტუმრებს  ქართულ ქვევრში შემონახული ისტორიის მოსათხრობად, ელის.

უკრაინელი ქალი – კაცის სპეციფიური გემოვნება თუ საბჭოური გადმონაშთი

ქართველი ქალის ხვედრი უკრაინაში

 

მაპატიეთ ქართველო მამაკაცებო, ვინაიდან თქვენი ნატვრა ჩემდაუნებურად სწორედ მე ამიხდა – „სანატრელი“ მივლინება უკრაინაში.  კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რამეთუ ბოლომდე ვერ მივხვდი თუ რამ აღგაფრთოვანათ ასე ძალიან უკრაინელ ქალებში და ამ თემის საახლობლოში, მითუმეტეს კი ძლიერ სქესთან განხილვამ მიმიყვანა ისევ და ისევ დიდ ქართულ პრობლემამდე, რომელსაც სექსუალური გაუნათლებლობა ჰქვია.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე „დედამთილის თვალისთვის დამახასიათებელი ექსპერტიზა“ დავუწყე  ქართველი კაცებისთვის ასე სანატრ ქალებს. შემდეგ, მეგობარ ქვეყანაში ჩასულმა განვაგრძე და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინაში ყოფნის არცერთ წამს არ დამვიწყებია ჩემი როგორც ქართველი ქალის მისია, მიუხედავად იმისა რომ სამსახურის გამო უფრო მეტი ავტომობილის  ნახვა მომიხდა ვიდრე მანდილოსნის.

შედარებით ღია ფერისანი, ხშირად დაბლები და არც თუ ისე გამხდრები, მაგრამ განსაკუთრებული და ქართველებისთვის არადამახასიათებელი ელასტიურობისა და რაც მთავარია სითამამის მფლობელნი. საბჭოთა კავშირის დაჟანგულ საზღვრებში მოქცეულ კაცებს, ბუნებრივია სხვაგან ვერსად გადაეფრინათ თუ არა უკრაინაში. შესაბამისად, ქართველი კოჭებამდე, ხელის მტევნებამდე და ყელამდე შეფუთული ქალების გადამკიდეთათვის,  ერთადერთ და ალტერნატიულ არჩევანს სწორედ ამ ქვეყნის ქალები წარმოადგენდნენ.

თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საზღვრების გარღვევის მიუხედავად ქართველი კაცების ტენდენციური მოთხოვნა არ შეცვლილა.  მიუხედავად იმისა, რომ  ქალიშვილობა თითქოსდა პრობლემურ ინსტიტუდად აღარ ითვლება, არც ქართველი კაცები მიიჩნევენ სექს მხოლოდ ქორწინებით კურთხეულს,  ფაქტი მაინც სახეზეა, მათ ისევ სხვა ქვეყნისკენ და ვაგლახ ისევ უკრაინისკენ გაურბით თვალი.

ალბათ, გულის სიღრმეში ყველას კაწრავს ის, რომ შენი ქვეყნის მამაკაცი სხვისი ქვეყნის კაბის ქვეშ იჭყიტება „იქ მაგარი ქალები არიან“ საბუთით. მაშინ როდესაც შენს ქვეყანაში 10-დან 3 მაინც არის ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და უკვე უკომპლესოც, უკრაინელი ქალებისადმი ლტოლვის მთავარ საბუთად  ისევ უკომპლექსობა რჩება.

ვეცადე ბოლომდე ობიექტური ვყოფილიყავი (მიუხედავად იმისა რომ სუბიექტურად ჟღერს)  და მივედი დასკვნამდე, რომ კაცებს როგორც ყოველთვის სიმარტივე იზიდავთ. ისევ და ისევ აშინებთ ის ფაქტი, რომ ქართველ ქალს მარტივი დამოკიდებულება „არ ხიბლავს“,  შესაბამისად მიუწვდომელის დაკმაყოფილებას ისევ გარეთ და რატომღაც ისევ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში პოულობენ. ეს კი, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მეტის ვერშეძლების გამო ყველაზე მარტივ გზას ირჩევენ  🙂

 

 

მე და სილქნეტი

 

ეძღვნება სილქნეტისგან  ყველა  ჩემსავით “გაწამებულს”.

„ვაიფაი“ წითელია, ინტერნეტი კი ყვითელს მანახებს, რაც „მოდემის“ გადატვირთვისკენ მიბიძგებს. გადატვირთვის უშედეგოდ დასრულების შემდეგ სხვა რა მრჩება, თუ არა 100 100-ზე დარეკვა. და აქ ვხვდები, რომ სილქნეტის ზუმერი საოცრად უხდება დილის კარგ განწყობას. როგორც იქნა, ყურმილის მეორე ბოლოდან მესმის ოპერატორის სანატრელი ხმა:

-გამარჯობა, გიორგი …. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მე, ჩემი ჩვეული და სილქნეტის ხელში განადგურებული ოლიმპიური სიმშვიდით:

-ამ ნომერზე ინტერნეტი არ მაქვს, იქნებ დამეხმაროთ…

-თქვენი სახლი და გვარი

-თათია გაგუა. მაგრამ, ნომერი  გ.ჭ.-ზეა გაფორმებული.

-დიახ. ვიცით. – რატომ არ ეცოდინებათ, 24 საათი ჩემი ხმა ესმით.

-გამორთეთ მოდემი.

-კარგით.

და თანმიმდევრობით ვასრულებ მის მითითებებს.

-ახლა ჩართეთ.

-კარგით.

-DSL აციმციმდა?

-დიახ.

-სტაბილურად აციმციმდა?

-დიახ.

-ინტერნეტი?

-არა.

-ისევ გადატვირთეთ.

ვტვირთავ ისე.

-არ აციმციმდა ინტერნეტი?

-არა.

-გახსენით რომელიმე ბრაუზერი.

-გავხსენი.

-საძიებოში ჩაწერეთ… – და აქ რაღც გაურკვეველ კოდს მკარნახობს ციფრებით და წერტილებით.

-ჩავწერე.

-მომხმარებელი და პაროლი მოგთხოვათ?

-დიახ.

-კარგით, მაშინ თავიდან ჩაწერეთ… – და ახლა სხვა კოდს მკარნახობს.

უშედეგოდ.

-კარგით, გადატვირთეთ ისევ მოდემი.

ისევ ვტვირთავ. ისევ ვეუბნები, რომ უშედეგოდ.

-კარგით, მე-2 კატეგორიის პრობლემა გაქვთ და ტექნიკურ სამსახურთან გადაგრთავთ.

-კარგით – ისევ, ოლიმპიური სიმშვიდით, მაგრამ ამ „მე-2 კატეგორიის პრობლემაზე“ ფხუკუნი მინდება. მაგრამ და რადგან, დილით ყავის დალევაც ვერ მოვასწარი, შესაბამისად სიცილის ძალაც არ მაქვს.

ისევ „განსატვირთი“ ზუმერი და ბ-ნი „ვიღაც“ მისმენს.

ვეუბნები ბ-ნ „ვაღაცას“, რომლის სახელი ვერ მოვისმინე და კითხვის თავი აღარ მაქვს, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მასთან გადმომამისამართეს.

-კარგით, გადატვირთეთ მოდემი.

-ისევ??? – აქ ჩემი სასოწარკვეთილი ხმა.

-დიახ, და სანამ არ გეტყვით არ ჩართოთ.

აქ მამიდა მოდის და თავზე მკოცნის. შევეცოდე.

დაახლოებით 2 წუთის შემდეგ ბ-ნ „ვიღაც“ მეუბნება ჩავრთო მოდემი. ვრთავ. ინტერნეტი ისევ არ ციმციმებს.

-ისევ გადატვირთეთ.

კარგი, ისევ გადავტვირთავ.

ამჯამად, სიჩუმე უფრო დიდხანს გრძელდება, მეორე ბოლოდანაც არაფერი მესმის და ვხვდები „მიმიჰოლდეს“. ჰოდა, თავს თუთიყუშთან თამაშით ვირთობ, სანამ შემომესმება:

-ახლა ჩართეთ.

ჩავრთე და ჩაირთო.

-იმედია, დღეს მაინც აღარ შემექმნება მსგავსი პრობლემა და დარეკვა აღარ მომიწევს – ლამის მუდარით ვეუბნები.

-არა, ქ-ნო, როგორც კი ინტერნეტი გაითიშება გადატვირთეთ.

ეს რაღაც ახალია!

“ჰორიზონტს იქით” – ინტერვიუ პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან

 

გასულ კვირას  გაგა ნახუცრიშვილმა ლექსების მეშვიდე კრებული გამოსცა, სახელწოდებით „ჰორიზონტს იქით“. მისი ლექსების დებიუტი ჟურნალ „XX საუკუნეში“ 1994 წელს შედგა.

პოეტს შინ ვესტუმრე ინტერვიუს ასაღებად. პირველი, რაც სახლში შესვლისას ვიგრძენი წიგნის სუნი იყო, სახლი კი სწორედ რომ პოეტის სახლი.

პოეტებს დაგვიანება ეპატიებათო და გაგაც ოდნავ მოგვიანებით შემომიერთდა, შოკოლადებით  და  დაგვიანებისთვის ბოდიშის მოხდით.

 

-წერთ ბავშვობიდან, თუმცა ამბოთ, რომ იმ დროის ნაწერს ლექსს ვერ დაარქმევდით…

-ბავშვობაში რასაც ვწერდი არც ლექსი იყო და არც პროზა…. უბრალოდ ვერთობოდი, არ შეიძლება ამას რამე დაარქვა.

-მუზების წამება –  ამბობთ, რომ კრისზისი შთააგონებს ადამიანს შექმნას ნაწარმოები. თუმცა აღნიშნული ცემს ბავშვობას არ ეხებაო თქვით. რას იტყვით პოეტის ბავშვობის შესახებ?

-ბავშვობა მენატრება, მაგრამ ახალგაზრდობა ცხადია მძიმე იყო, იმ პერიოდზში მიმდინარე კატაკლიზმების გამო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მენატრება, რადგან მთელი ცხოვრება წინ იყო და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებაზე ვოცნებობდით. აღნიშნულმა ეპოქამ შეცვალა რაღაცეები, რადგან არ ვიცოდით რა იყო თავისუფლება, არ ვიცოდით რომ პირველყოვლისა ეს იყო პასუხისმგებობა.

ადამიანები თავისუფალი ბევრი რამისგან არ ვართ… ყველაფრისგან თავისუფალი ცხადია ვერ იქნები, სიტყვაზე სინდისისგან თავისუფალი არ უნდა იყო ადამიანი – ამბობს და იღიმის.

-პოეტებად იბადებიან თუ შემდეგ ხდებიან?

-მარტო პოეტის არა, რაღაცის ნიწი ალბათ თან დასდევს ადამიანს. შემდგომ ყველაფერს მუშაობა რომ დახვეწო.

-ერლომ ახვლედიანი თქვენი უფროსი მეგობარი იყო, თუმცა არ გიყვართ როცა მას უფროს მეგობარს უწოდებენ…

-თვითონ ერლომს არ უყვარდა როცა ვინმე ეტყოდა უფროსი მეგობარი ხარო. ეს სწორიც იყო, რადგან მეგობრობამ უფროს-უმცროსობა არ იცის. სიტყვაზე, ერლომტან გაცილებით მეტი საერთო მქონდა და უფრო მესმოდა ვიდრე ბევრი ჩემი თანატოლი და თაობის ადამიანისა.

ერლომთან 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვმეგობრობდი…

-ერლომ ახვლედიანი სამშობლოსთან მიმართებაში განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა…

-სიზიფეს შრომას ადარებდა სამშობლოს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. თითქოს ლოდი არისო რომელიც სულ მიგაქვს და მიგაქვს… არ უნდა დაიღალო და სანაცვლოდაც არ უნდა მოსთოხო რაიმეო…

-რას გვეტყვით თქვენი ახალი კრებულის „ჰორიზონს იქით“ შესახებ?

– „ჰორიზონს იქით“ არის ლიტერატურული პალიტრის ბესო ხვედელიძის იდეა, ახალი ქართული ლიტერატურის, მწერლობისა და პოეტების სრული კრებულის გამოცემა. ეს სრული კრებულია, მასში შედის ლექსები, რომელებიც 20 წელიწადზე მეტი ხანი მიწერია.

-არ უწოდებთ რჩეულს, რატომ?

-რჩეული ძალიან პრეტენზიულია და არც შეიძლება საკუთარ ნაკრებს ამბიციურად რჩეული დაარქვა.

-რას ხედავს პოეტი „ჰორიზონს იქით“?

– სულ გვაინტერესებს რა არის რა არის ჰორიზონტს იქით და სწორედ ამ შეგრძნებიდან წამოვიდა ეს სათაური… რასაც ვერ ვხედავთ, რასაც თვალი ვერ სწვდება.

-მუზების წამება…  კონკრეტული მუზა არ მყოლიაო ამბობთ

– კონკრეტული მუზა არ მყოლია, მუზა ჩემთვის წერის განწყობაა. 80-იანი წლების ბოლოს პეტერბურგში გამოფენაზე  ვნახე სეზანის ნახატი გოგო თეთრი კაბით.  20 წლის შემდეგ გამახსენდა და დავწერე… თუმცა ვერც ამას დავარქმევდი კონკრეტულ მუზას.

-თქვით, ჩემთვის დრო არ არსებობსო…

– ხანდახან გინდა დროიდან გაქცევა, მაგრამ დრო იმისია, რომ მერე გახსენებს თავს.

-იცვლებიან ადამიანები?

– ადამიანი შეიძლება შეიცვალოს რაღაცით, მაგრამ ის თვისებები მაინც იყო შენში, რაც გამოავლინე, იმიტომ, რომ რაც არ გაქვს ბუნებით იმას ვერ შეიძენ.

– ანდრო ბუაჩიძე  „კონტრასტული შტრიხების პოეზიაში“ საუბრობს, რომ თქვენს ლექსებში აღბეჭდილი ბოჰემა, ვნებათაღელვა, სულიერი ფორიაქი 20-იანი წლების ქართული ლირიკის ასოციაციას აღძრავს. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს, არის პარალელები თქვენს პოეზიასა და 20-იანი წლების ქართულ ლირიკას შორის?

-ვეთანხმები. მე-20 საუკუნის დასაწყისის არამხოლოდ ქართული ლიტერატურა, არამედ მსოფლიო ლიტერატურაც ძალიან ახლოა ჩემთვის.

– რა სიახლეებს უნდა ელოდეს მკითხველი?

– წლის ბოლოს მინდა ახალი ლექსების და ზრაპრების გამოცემა. ზღაპრების კრებლის გამოცემას მაისში ვგეგმავ.

წერს და კითხულობს ლექციებს, მათვის ვისაც მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურული შედევრები აინტერესებს.

ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ დიდი ხანი ვერ იცხოვრებდა. თარგმნის იშვიათად. თვლის, რომ ავტორი უფროა ვიდრე მთარგმნელი: „მეტ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც მე თვითნ ვწერ“.

არ გამოყოფს საყვარელ პოეტსა და მწერალს მსოფიო მასშტაბით.

თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ საუბარს ერიდება: „არ მიყვარს დაშტამპვა და სახელის დარქმევა. ალბათ, წლები რომ გავა და მოვიხედებით, უფრო ვიტყვით რა ეტაპი იყო“.

მე კი, როგორც მკითხველს, ჩამესმის სტუდენტი პოეტის შეძახილი:

„მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!“

როგორც თვითონ ამბობს:  აი, როგორ მიქროდა მეც…

 

წყარო:  www.tribuna.ge